სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება
“თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი გრძელდება”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე.
“თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა 67 ობიექტს. მათ შორის, საშუალო და კაპიტალური რემონტი გაუკეთდა 46-ს, რომელთაგან დასრულდა 8 ობიექტი. ამასთან, მშენებლობა მიმდინარეობდა 21 ობიექტზე, რომელთაგან დასრულდა 3 ობიექტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2021 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 80 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ქალაქ თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში 2021 წელს დასრულდა 2 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა (ჯამში 486 ბინა), სადაც ბინები გადაეცათ მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე მახათას მთაზე წარმატებით ხორციელდება „არმი სითის“ ბინათმშენებლობის პროექტი. თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით მიმდინარეობს 39 ერთეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2022 წელს და 1000-მდე სამხედრო ოჯახი მიიღებს ბინას. ლოგისტიკური ქვედანაყოფების განვითარებას ხელს უწყობს თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი გრანტით მიღებული სპეცტექნიკა: სულ 2021 წელს მიღებულია 25 ერთეული სატრანსპორტო, სარემონტო, საინჟინრო და სხვა სახის სპეციალური ტექნიკა. დახმარების აღნიშნული პროგრამა გრძელდება 2022 წელსაც.
საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ძალთა გამაძლიერებლების განვითარება, ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეიარაღების სისტემების შეძენასა და მოდერნიზაციას. საანგარიშო პერიოდში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებასთვის. ავიაციის განვითარების მიზნით, 2022 წლის მაისის მონაცემებით, 5 ერთეულ სუ-25 ტიპის, 4 ერთეულ ან-2 ტიპის თვითმფრინავებზე, 3 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენსა და 3 ერთეულ UH სატრანსპორტო შვეულმფრენებზე ძირითადი სარემონტო/მოდერნიზაციის სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებისთვის უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2021-ის“ პროცესში დაიხვეწა თავდაცვის ძალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა. ჩამოყალიბდა რეინჯერთა ბატალიონი და დაიხვეწა ს.ო.ძ.-ის საშტატო სტრუქტურა. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები დაკომპლექტდა სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ მედევაკით. თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბდა როლი 2 დონის (მობილური ლიმიტირებული ჰოსპიტალური შესაძლებლობების ქვედანაყოფი) სამედიცინო ქვედანაყოფები, მიმდინარეობს მათი თანამედროვე ტექნიკა-აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფა.
მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა. აღნიშნული ჯავშანტექნიკა უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი. საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა. ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა. 2022 წლიდან დელტაში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება დაიწყო. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში მიმდინარეობს. „დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა. ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება. აღნიშნულ პერიოდში „დელტა ტექსტილის“ მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება შეიკერა. ასევე „დელტას“ საწარმოებში მიმდინარეობს ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა და სასწავლო ხელყუმბარების დამზადება, რომლებიც პერიოდულად გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობდა დედოფლისწყაროსა და ფონიჭალის ბაზებზე ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ITF-სთან თანამშრომლობით ხორციელდება”,- ნათქვამია მოხსენებაში.