ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – რა საკითხზე იმსჯელეს მხარეებმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს შეაჩეროს საქართველოსა და რუსეთს შორის 1994 წელს გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
“ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე გეგმავს რუსეთის მხარე აღნიშნული შეთანხმების შეჩერებას და რა ვადებშია გათვალისწინებული ამ პროცედურის განხორციელება. კარასინმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად მიაწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შესაბამის ინფორმაციას. აღინიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაიმართოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე მორიგი საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა.
საუბარი შეეხო ასევე 15 სექტემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხსა და ჰუმანიტარულ თემატიკას“-აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები