გიული ალასანიას თქმით, უკრაინა სააკაშვილის დაბრუნებას ითხოვს
უკრაინა ითხოვს, რომ დააბრუნონ მათი ქვეყნის მოქალაქე და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
„სრულიად არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, პოლონეთში ვიყავი ჩასული, მივმართე უკრაინას. უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი, ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე.
უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან.
ამასობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია. მე ვიყავი პოლონეთში, შევხვდი კაჩინსკის, გავიცანი პრემიერიც და ყველა მოწადინებულია ყველანაირად და ყველაფერი გააკეთა ამ ხალხმა, ჩამოვიდა პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო მინისტრი, ლიტვამ, სეიმმა მიიღო რეზოლუცია გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო და მაინც არაფერი არ იძვრის. ყველას აზრი და რჩევა გვაინტერესებს, რა ვქნათ? რა ხერხს მივმართოთ?“, – განაცხადა ალასანიამ.