ხატია დეკანოიძე: გია ლორთქიფანიძე არ მუშაობს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში და არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან – შიდა დაპირისპირებაში ამ ინფორმაციის გადატანა თავის მართლებაა

“შიდა დაპირისპირებაში ამ ინფორმაციის გადატანა თავის მართლებაა. შევახსენებ ყველას, გია ლორთქიფანიძე არ მუშაობს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში, ის მუშაობს სრულიად სხვა უწყებაში და არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

დეკანოიძის თქმითვე, მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია, არაკანონიერი დერეფნები ჰქონდეს. მისივე თქმით, ის კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება.

„წარმოუდგენელი გენოციდი ხდება უკრაინაში. უკრაინელი ხალხი, პრეზიდენტი, დაზვერვა, პოლიცია, ყველა, არის უმძიმესი სამხედრო აგრესიის მოწმე და თუ ვინმეს ჰგონია და თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ვინმეს სცალია საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის. ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია ქვეყნისთვის, ამიტომ ის, რომ შიდა დაპირისპირებაში გადაჰყავთ ეს ინფორმაცია, არის ძალიან ფუჭი და აბსურდული განცხადებები, რაც თავის მართლებაა უმრავლესობის მხრიდან. როცა ბრალდებაა, რომ გია ლორთქიფანიძე სადღაც მუშაობს, შევახსენებ ყველას, რომ ის არ მუშაობს სამხედრო დაზვერვაში, ის მუშაობს სრულიად სხვა უწყებაში და არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან, ეს არის ღია ინფორმაცია. მე ახლა შეკითხვას ვუსვამ საქართველოს ხელისუფლებას, ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია თავის კოლეგებთან უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ინფორმაციაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას მივეკუთვნებით, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია, ჰქონდეს არაკანონიერი დერეფნები, რომელიც ხელს უწყობს სანქციებში მოყოლილ პროდუქციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეც ველოდები კონკრეტულ მტკიცებულებებს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება აბსურდია და შეურაცხმყოფელი. ისინი განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობას” და გია ლორთქიფანიძეს უკავშირებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები