პედაგოგმა თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა – „ყველას დიდ მადლობას გიხდით“

„ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც მეხმარებოდით, მაგრამ ცხოვრებით დავიღალე… მით უფრო ამ ოპერაციის შემდეგ“… – ამ წერილით დაემშვიდობა ელისო ხუციშვილი სამყაროს. მან წერილი მაგიდაზე დატოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თელავის რაიონის მუნიციპალეტეტის სოფელ რუისპირის რუსული ენის პედაგოგი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. 60 წლის ელისო ხუციშვილს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ მეუღლე, შემდეგ კი და გარდაეცვალა. შვილი არ ჰყოლია და სულ მარტო დარჩა. ელისო ხუციშვილს სოფელში კარგ და კეთილშობილ ადამიანად ახასიათებენ.
„განსაკუთრებული ადამიანი იყო. სკოლაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ყველას ძალიან უყვარდა და ძალიან დაგვწყდა გული. შოკირებული ვარ ამ ტრაგედიით, ისე განვიცდი, რომ ჯერ ვერც კი მივსულვარ სამძიმარზე“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლეილა ბაღსოლიანი.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, ელისო ხუციშვილმა თვითმკვლელობამდე ოპერაცია გაიკეთა.
„რამდენიმე თვის წინ სახის არეში ტკივილები აწუხებდა. ჯერ კბილის ექიმთან მივიდა, იქ უთხრეს, ჩემი პაციენტი არ ხარო, მერე ნერვოპათოლგთან წავიდა, იქაც იგივე უთხრეს, მერე ჩიყვის გამოკვლევა დაიწყო. ბოლოს თბილისში მარდალეიშვილთან ჩამოვიდა და გაირკვა, რომ ჩიყვთან ერთად საძილე არტერიაზე სიმსივნური წამონაზარდი აღმოაჩნდა. ძალიან განიცადა. სახელმწიფო დაზღვევისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ოპერაციაც გაიკეთა. კარგად იყო… ხშირად ამბობდა, რომ ისეთ დღეში ვარ, ლამის თავი მოვიკლაო… პედაგოგები და სოფლის მაცხოვრებლები სულ გვერდით ვედექით, მარტო თითქმის არ ვტოვებდით… ახლა ზაფხულია და არდადეგებია. ხან ნათესავთან რჩებოდა, ხან სახლში იყო… მაგრამ გუშინ ელისოს ნათესავმა დამირეკა და ეს ამბავი მომიყვა. შოკში ვარ, ძალიან განვიცადე… მთელ სოფელს დაგვწყვიტა გული“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
როგორც „კვირას“ სოფელ რუისპირის დეპუტატმა ზაზა ზაზაშვილმა განუცხადა, ელისო ხუციშვილს ფინანსურად ძალიან უჭირდა.
„ელისო ხუციშვილი სკოლაში რუსულს მასწავლიდა. ის კეთილი ადამიანი იყო. ახლახან ოპერაცია გაიკეთა, ფინანსურად კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარა. ისეთი მოკრძალებული იყო, რომ დახმარებისთვის განცხადებით მომართვაც კი უჭირდა. მაგრამ ყველანაირად დავეხმარეთ, რომ ოპერაცია ჩაეტარებინა. ოპერაციის შემდეგ სუსტად იყო, სახლში მარტო არ რჩებოდა, ძირითადად, ნათესავებთან რჩებოდა. მაგრამ გუშინ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლა მისი სახლ-კარი სულ მარტო დარჩა. ალბათ ნათესავებს სოფელიც მიეხმარება მის დაკრძალვაში“, – აღნიშნა სოფლის დეპუტატმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები