„გალფის“ ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)
თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ე.წ. გლდანის ხიდებთან კომპანია „გალფის“ ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სახანძრო ბრიგადები ცეცხლს საათნახევრის განმავლობაში ებრძოდნენ – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან აცნობეს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, “გალფის” ტერმინალზე მომხდარი ხანძრის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. როგორც “კვირას“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იყო ერთი ძალიან მსუბუქი შემთხვევა, თუმცა იმ პირს ადგილზე გაეწია დახმარება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
„გალფის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის იმ დროს მოხდა, როდესაც რეზერვუარში ბენზინის გადასხმა ხდებოდა. “გალფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, ხანძარი ბენზომზიდს გაუჩნდა, თუმცა მიზეზები დადგენილი არ არის.
“იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში კომპანია, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს”, – განაცხადა ნინო ჯიბლაძემ. მისი თქმით, ხანძარის შედეგად, “გალფის” ნავთობბაზის მიმდინარე ტერიტორიაზე შპს “ლადი 2010”-ის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიები დაიწვა. “გალფის” ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ცისტერნა აფეთქდა, გაჩნდა ხანძარი და ცეცხლი მისი მაღაზიის ტერიტორიაზე გადმოვიდა“, – აღნიშნა მაღაზიების მფლობელმა დავით ყარაბუღაშვილმა. მისი ინფორმაციით, ხანძარმა ავტონაწილების ხუთი მაღაზია სრულად გაანადგურა. დამწვარია ასევე ეზოში მდგარი 10-მდე მეორადი ავტომობილი. მომხდარის შესახებ კომპანია „გალფი“ სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-sl3bSSGrPM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]