„შეიძლება გამოძიებამ დაადასტუროს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს არჩევნები მოუგო“
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ეგონათ, რომ პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს ვერ წაუყენებდა. როგორც ადვოკატი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, შესაძლებელია საქართველოს საზღვარი ამ დღეებში ბევრმა ადამიანმა დატოვოს.
„ესენი ელოდებოდნენ, წაუყენებდნენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბრალდებას, რატომღაც ეგონათ, რომ ამას მთავარი პროკურატურა ვერ გაბედავდა. მე ვაფრთხილებ საზღვრის დაცვას, აეროპორტის დაცვას და საბაჟო სამსახურს, კარგად გააკონტროლონ, ვინ შეეცდება, ამ დღეებში ქვეყნიდან გასვლას. რაც ახლა ხდება, ეს არის იმ სამი პროკურორის დამსახურება, რომლებიც წინა კვირას ჩამოვიდნენ თბილისში. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ამერიკელი სენატორი ითხოვს ბარაკ ობამას დაკითხვას გარკვეულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ არის სააკაშვილი, რომ არ ცხადდება პროკურატურაში? პროკურატურამ მიზანში გაარტყა, რადგან ამ საქმის შესახებ ევროსაბჭოშიც კარგად იციან და ამერიკის კონგრესშიც. დღეს ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, „ნაციონალების“ გარდა, რომ ამ ბრალდებაში რამე ტყული წერია. ყველამ იცის, როგორ წაართვეს ბადრი პატარკაციშვილს მთაწმინდის პარკი, მაშინ მისი ადვოკატი ვიყავი და უამრავი სარჩელი მაქვს დაწერილი, სტრასბურგში გაგზავნილი და ასე შემდეგ. ეს ისეთი საქმეა, ეშმაკსაც კი გაუჭირდება მისი უარყოფა.
„ნაციონალები“ კიდევ იყეფებიან, ეს ყველაფერი პოლიტიკური დევნააო, მაგრამ სამი უცხოელი პროკურორის კონსულტაციებმა ამასაც გამოაცალა საფუძველი. სხვათა შორის, პატარკაციშვილების საქმეს, ძირითადად, ჰყავდა სამი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი. რაკი ბოკერიას საქმე ცალკე დევს პროკურატურაში გაფლანგული მილიონების თაობაზე, როგორც ჩანს, აქ აღარ დაასახელეს. თუ გამოძიება სრულყოფილად წავიდა, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება ნიკა გვარამია და აქ სხვა საკითხიც წამოიწევს წინა პლანზე: ვალერი გელბახიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პატარკაციშვილ-კოდუას სატელეფონო ჩანაწერები დაედო საფუძვლად. თუ ეს ჩანაწერები იყო ფალსიფიცირებული და ამაში ბრალი ედება სააკაშვილს, მაშინ რატომ აღიძრა საქმე ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ? მე მაშინ მისი ადვოკატიც ვიყავი, ადეიშვილსაც კი მივმართე განცხადებით, რომ ნიკა გვარამია მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ მაშინ ვინ მოსთხოვდა პასუხს? აქ საინტერესო ის არის, რომ მალე სხვა გვარებიც წამოტივტივდება, თუნდაც იგივე „იმედის“ მაშინდელი ხელმძღვანელობის რიგებიდან. ახლა სააკაშვილი დიდი დილემის წინაშე დგას, რა ქნას, რა გააკეთოს? დაიწყოს ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე? აგერ არის სამი ავტორიტეტული პროკურორი. გაჩუმდეს? ესეც არ გამოდის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარევით, ამ დარბევების შემდეგ ის იძულებული იყო, გადამდგარიყო და შემდეგ გაყალბების გზით მოსულიყო. თუ გამოძიება ამ კუთხითაც წავა, დადასტურდება, რომ მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს არჩევნები მოუგო“, – განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „ალიას“.