მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა

“საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს, მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას სომხეთიდან ყოველ წელს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და ამ მაჩვენებლით ყოველთვის პირველ სამეულშია.

ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე, მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენ პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები