მიხეილ ყაველაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა
“იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყაველაშვილმა ხაჩატურიანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტი შესთავაზა.
„სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს.
ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა განსაკუთრებულად გულთბილი მასპინძლობისათვის. ვსარგებლობ რა ამ გამორჩეული შესაძლებლობით, მსურს თქვენთვის ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მოგიწვიოთ საქართველოში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.