“მაისიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები დაიწყება, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს სრული უკანონობაა” – ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლის დაწყება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სრული უკანონობაა. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის აღდგენა რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
“რუსეთი, რომელსაც აფხაზეთი ოკუპირებული აქვს, დიდი ხანია, მიზანმიმართულად მისი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. აეროპორტის აღდგენა ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როცა ამ აეროპორტზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არა მარტო სამოქალაქო აეროპორტია, ე.წ.შეთანხმებაში წერია, რომ ის იმავდროულაად სამხედრო ბაზირებისაა. მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო სამხედრო დანიშნულების იქნება, ვიდრე სამოქალაქო. აეროპორტი, ფაქტობრივად, ამუშავებულია. თებერვალში მოსკოვიდან სოხუმში საპილოტე ფრენა გვახსოვს, რომელიც გუმბას სასარგებლოდ უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. შემდეგ მაღალ დონეზე განცხადებები გაკეთდა, რომ 3 მაისს რეგულარული ფრენები მოსკოვიდან დაიწყება, 6 მაისს ნიჟნი- ნოვგოროდიდან, ასევე გეგმაშია ფრენების განხორციელება სხვა ქალაქებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სრული უკანონობაა. საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველთა საფუძველი ჩიკაგოს კონვენციაა. მისი ყოველი პუნქტი რუსეთის ფედერაციის მიერ ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება, არადა რუსეთი ამ შეთანხმების მონაწილეა და ვალდებულია, ის დაცვას.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მმართველი ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, წინააღმდეგია ამ ფრენების განახლების, ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ICAO -სთან ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს, იქიდანაც მხარდაჭერაა. როცა საპილოტე ფრენები განხორციელდა, გახსოვთ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სადაც ეწერა :” სოხუმი, ბაბუშერა, საქართველო”. ეს სწორედ ICAO-ს შიშით, დამატებითი სანქციების შიშით იყო გაკეთებული. მე არ ვიცი, ეს რამდენად იხსნის დამატებითი სანქციებისაგან, მაგრამ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ის საერთაშორისო სამართალს არღვევს და ამიტომ ჩაწერეს დოკუმენტაციაში “სოხუმი, ბაბუშერა, საქართველო”. რუსეთისთვის საერთაშორისო სამართლის დარღვევა პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის, ის თავის უკანონობას აგრძელებს”- განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, არა მარტო საქართველო , არამედ ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჩაერთონ და ზომები მიიღონ იმისათვის, რომ სოხუმის აეროპორტის ექსპლოატაცია შეწყდეს.
“კიდევ რა ბერკეტი შეიძლება, არსებობდეს, გარდა იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს დახმარებით მოქმედებენ? კიდევ ერთი ბერკეტი შეიძლება, ჟენევის ფორმატი იყოს. საპილოტე ფრენები 7 თებერვალს განხორციელდა, მაშინ ჟენევის 63-ე რაუნდი მზადდებოდა და მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში თანათავჯდომარეები იყვნენ ჩამოსულები, მათთან აღნიშნული საკითხი დაისვა, შემდეგ 4-5 მარტს, როცა ჟენევაში 63-ე რაუნდი ჩატარდა, ეს ერთ-ერთ ერთ საკითხად იყო წარმოდგენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას მაინცდამაინც რეალური შედეგები არ მოჰყოლია.
კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც ჯერ ამოქმედებული არ არის და სამწუხაროდ, შესაბამისი ხმამაღალი განცხადებები გაკეთებული არ არის. მოგახსენეთ, რომ აეროპორტი არის არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი, არამედ სამხედრო ბაზირებისთვისაცაა. ისმის კითხვა: სამხედრო ავიაცია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე იქნება განლაგებული, ვის წინააღმდეგ არის მიმართული, მარტო საქართველოსი? რა თქმა უნდა, არა და რა თქმა უნდა ნატოს, წინააღმდეგ ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ ნატო , ევროკავშირი ამას კარგად გაიაზრებენ და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ, რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ზეწოლას განახორციელებენ იმისათვის, რომ ამ აეროპორტის უკანონო ექსპლოატაცია შეწყდეს. ეს ძირითადი ბერკეტებია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ რამდენად ქმედითია? სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ, ჯერჯერობით, მაინცდამაინც ქმედითი არ არის და ეს გასაგებიც არის.
ახლა ამოქმედდა აეროპორტი, მაგრამ იქ აფხაზები მუშაობენ ? სად ჰყავთ მათ ამის სპეციალისტები? ამ აეროპორტს აფხაზები მართავენ? რა თქმა უნდა, არა. აფხაზები შეიძლება, იქ ბილეთის გამყიდველები იყვნენ ან დაცვაში მუშაობდნენ. ეს არის სუფთა რუსული აეროპორტი და იმ ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებს. ამიტომ, არა მარტო საქართველო , არამედ ევროპა, ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჩაერთონ და ზომები იმისათვის უნდა მიიღონ, რომ აეროპორტის ექსპლოატაცია შეწყდეს” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.მისი თქმით, 1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, 1993 წლის შემდეგ პირველად, საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს შესრულდა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.
თამუნა შეყილაძე