ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახორციელებს. „ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება აფხაზეთთან და დევნილებთან. სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც დევნილთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ თანადაფინანსებას გულისხმობს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.