„უცხოელი პროკურორების სიტყვას დასავლეთში ყურს უგდებენ! ისინი მიიტანენ ამბავს იქ, სადაც საჭიროა“

„უცხოელი პროკურორები ჩამოიყვანეს არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც მხოლოდ სააკაშვილი დაიჭირონ, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილმა მთელმა რეჟიმმა აგოს პასუხი“, – ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანის ფაქტს.
როგორც ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, უცხოელი პროკურორები არა მხოლოდ პროფესიონალები არიან, არამედ მათ სიტყვას დასავლეთში „ყურს უგდებენ“. ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას უცხოელი პროკურორები გაცილებით ადრე უნდა მოეწვია საქართველოში. მისი თქმით, უცხოელი პროკურორების ჩამოყვანას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია „იმისთვის, რომ ხელისიფლებამ სამართლიანობის აღდგენა შეძლოს და დასავლეთის ზეწოლისგან გათავისუფლდეს“, – აცხადებს ექსპერტი „ასავალ-დასავალთან“.
„იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამართლიანობა აღადგენა რეალურად განახორციელოს, იგი დასავლეთის მხრიდან ზედმეტი ეჭვებისა და კონტროლისაგან უნდა გათავისუფლდეს. ამას ემსახურება ამ სამი პროკურორის ჩამოყვანა და კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას ეს გაცილებით ადრე გაეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ჩამოყვანილი უცხოელი პროკურორები არა მარტო თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, არამედ მათ სიტყვას დასავლეთში ყურს უგდებენ! ისინი კარგად ჩაიხედავენ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმეებში და სწორად მიიტანენ ამბავს იქ, სადაც საჭიროა, ანუ აშშ-სა და დასავლეთის ყურამდე! აი, სწორად ეს იქნება პროკურორების მთავარი ფუნქცია! მას შემდეგ, რაც უცხოელი პროკურორები სიტუაციას შეისწავლიან და გაიგებენ იმ კორუფციისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მთელ სიღრმეს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არ არის გამორიცხული, მთელი რეჟიმისა და, მათ შორის, ამ რეჟიმის ლიდერის სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები