შავ ზღვაში დელფინები იხოცებიან – ვის ევალება სანაპიროს მკვდარი ცხოველებისგან გაწმენდა

   შავი ზღვის სანაპიროზე ქობულეთში წყალმა მკვდარი დელფინი გამორიყა, – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, დელფინი უკვე რამდენიმე დღის დაღუპულია.
„ივლისში ზღვამ დაღუპული დელფინი უკვე მეოთხედ გამორიყა. სამი შემთხვევა ბათუმის სანაპიროზე მოხდა. ახლა კი ქობულეთის სანაპიროზე წყალმა რამდენიმე დღის გარდაცვლილი დელფინი გამორიყა. ახლა დელფინებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ისინი ჯგუფ-ჯგუფად დაცურავენ შავი ზღვის სიღრმეში. ასაკოვანი დელფინები უფრო ნაპირებისკენ ცურავენ და იღუპებიან“, – აცხადებს მამუკა თურმანიძე.
მისი თქმით, მკვდარ დელფინს აჭარაში რომელიმე ნაგავსაყრელთან დამარხავენ.
როგორც „კვირას“ მამუკა თურმანიძემ განუცხადა, მისი სამსახურის მოვალეობაა ადამიანების გადარჩენა და დახმარება. მისი თქმით, მკვდარი დელფინების დამარხვა მის სამსახურს არ ევალება.
„ამჟამად საქართველოში არ არსებობს სამსახური, რომელიც ზღვის მკვდარი ცხოველების დამარხვას ითვალისწინებს. ეს უნდა გააკეთოს დასუფთავების სამსახურმა, მაგრამ რატომღაც ასეთი შემთხვევები სამაშველო სამსახურს მიეწერა. იქნებ ამ დროს ზღვაში ადამიანი იხრჩობა, ან ცოცხალ ადამიანს ვჭირდებით. იქნებ ამ საკითხზე ვიღაცამ იზრუნოს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.
ქობულეთში მომხდარი ფაქტის გამო „კვირა“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს სულხან ოქროპირიძეს დაუკავშირდა. მან შეკითხვას მოკლედ უპასუხა და ტელეფონი გათიშა:
„შესაბამისი სამსახურები მკვდარ დელფინს მიხედავენ“, – აღნიშნა ოქროპორიძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ „კვირასთან“ ვერ დააკონკრეტა, რომელი სამსახური ზრუნავს, ან ვის ევალება შავი ზღვის მკვდარი ცხოველებისგან გაწმენდა.

იზა შაქარაშვილი

10545009_10203209241569559_928357913_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები