“ბასიანის მადლიერების ჯილდო” პატრიარქ ილია მეორეს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცათ
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა “ბასიანმა” 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. საიუბილეო საღამოზე ანსამბლმა სპეციალურად შექმნილი “ბასიანის მადლიერების ჯილდო” 13 ადამიანს გადასცა. მათ შორის არიან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, მეცენატი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც “კვირას” ანსამბლის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ განუცხადა, “ბასიანის მადლიერების ჯილდო” ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდა და მხოლოდ იმ ადამიანებს გადაეცა, რომელთაც 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ანსამბლის წარმატებასა და განვითარებაში.
“ცნობილმა მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ სპეციალურად ,,ბასიანის“ 20 წლის იუბილესთვის მცირე ზომის ქანდაკება – „ბასიანის მადლიერების ჯილდო“ შექმნა, რომელიც იმ ადამიანებს გადაეცათ, რომელთაც ანსამბლის წარმატებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სულ 15 ასეთი ქანდაკება დამზადდა.
დაჯილდოებულთა შორის არიან – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე; მეცენატი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი; პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; ანზორ ერქომაიშვილი; რობერტ სტურუა;
კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; მეცენატი ლევან ვასაძე; ფონდ „ ქართული გალობის“ დამფუძნებლები ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა, სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია; მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წურწუმია; დირიჟორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი; მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორი, კომპოზიტორი პოლო ვალეხო; ეთნომუსიკოლოგი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი სიმჰა არომი.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო მხოლოდ სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა და აღარ განმეორდება”, – განაცხადა გიორგი დონაძემ.
მოქანდაკე გია ჯაფარიძე ქანდაკების მნიშვნელობას განმარტავს და აღნიშნავს, რომ “ბასიანი” მთლიანად ჩართულია ერისთვის საჭირო უდიდეს საქმიანობაში.
„ეს არის სიმბოლო ქართული ფოლკლორის, საგალობლის და მთლიანად კულტურის. საქართველოს სხეულზე აღმოცენებული სიცოხლის ხე – ვაზი. ეს ორნამენტი სვეტიცხოვლის დასავლეთის კედელს ამშვენებს და ჩემ მიერ სტილიზებული და მისადაგებულია იმ მოთხოვნას, რითაც უნდა შეიკრას სიმბოლო. კომპოზიცია არის ჩემი პატივისცემა, დამოკიდებულება და ხედვა „ბასიანის“ მიმართ. ანსამბლი მთლიანად ჩართულია ერისათვის საჭირო უდიდესს საქმეში.“- განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ანსამბლი „ბასიანი“ ფონდის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა და „საუკუნის ანსამბლის“ წოდება მიანიჭა.
ამასთან, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამოიფინა ანსამბლის 20 წლის შემოქმედების ამსახველი ფოტოები, გაიმართა გურული სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა. შესრულდა 12 გამორჩეული ფოლკლორული სიმღერა.