აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას.
“სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოსწავლეებისთვის მოეწყო თემატური სლაიდ-შოუ და შემეცნებითი აქტივობები, სადაც განხილული იყო ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელობა, დაბინძურების გამომწვევი ფაქტორები და მათი პრევენციის გზები.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებებიც წარადგინეს შავი ზღვის დასაცავად საჭირო ქმედებებზე და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი ქცევის ფორმირების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის და გამოჩენილი ინიციატივისთვის სიგელები გადაეცათ,”- წერია ინფორმაციაში.