ზვიად გაბისონია: პროექტი „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს, მკვლევრებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით „ჰორაიზონ ევროპის“ გამარჯვებული პროექტის „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის (NEB4All)“ პრეზენტაცია გაიმართა,- ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

“როგორც მან აღნიშნა, პროექტი „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს, მკვლევრებს, არქიტექტორებს, ინოვატორებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი პროექტები მეცნიერების, არქიტექტურისა და კულტურის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზვიად გაბისონიამ Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პროგრამა ქართველ მეცნიერებს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ევროპელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდა „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ განყოფილების ხელმძღვანელი ელენა მონტანი. მან პროექტის მიზნებსა და განათლებისა და მეცნიერების სისტემაში იმ მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.

ღონისძიებაში საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები