შარმანაშვილი – ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებაზე: ასეთი, ზემოდან ყურების დამოკიდებულებაა ყველაზე ცუდი და ამას პირველად არ ავლენენ
“ადმინისტრაციული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ მიმართვის უფლებაზეც კი რომ ამას დაგიწყებენ, ე.ი. გეუბნებიან, რომ შენ სუვერენიტეტი არ გაგაჩნია,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რითაც ეხმაურება ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
“ეს არის უპრეცედენტო რამ – ასეთი რამ არც მსმენია. ეს რომ იყოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, მაგალითად, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი ორგანიზაცია ცნო არაკონსტიტუციურად (იქ არის საშუალება, რომ არა მარტო პარტიები, არამედ ჩვეულებრივი ორგანიზაციები ცნონ არაკონსტიტუციურად). ჩვენ სასამართლოს მეშვეობით გვაქვს ეს პროცედურა. ადმინისტრაციული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ მიმართვის უფლებაზეც კი რომ ამას დაგიწყებენ, ე.ი. გეუბნებიან, რომ შენ სუვერენიტეტი არ გაგაჩნია, მერე რა, კონსტიტუციაში რა გიწერია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ჩემი ნება და შეხედულება, შენი უმაღლესი დოკუმენტი – კონსტიტუცია – მეორეხარისხოვანიაო. ასეთი – ზემოდან ყურების დამოკიდებულებაა ყველაზე ცუდი და ამას პირველად არ ავლენენ,” – ამბობს შარმანაშვილი.