თენგიზ შარმანაშვილი – ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებაზე: ადმინისტრაციული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ მიმართვის უფლებაზეც კი რომ ამას დაგიწყებენ, ე.ი. გეუბნებიან, რომ შენ სუვერენიტეტი არ გაგაჩნია
“ადმინისტრაციული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ მიმართვის უფლებაზეც კი რომ ამას დაგიწყებენ, ე.ი. გეუბნებიან, რომ შენ სუვერენიტეტი არ გაგაჩნია,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას.
მისივე თქმით, ზემოდან ყურების დამოკიდებულებაა ყველაზე ცუდი და ამას პირველად არ ავლენენ.
“ეს არის უპრეცედენტო რამ – ასეთი რამ არც მსმენია. ეს რომ იყოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, მაგალითად, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი ორგანიზაცია ცნო არაკონსტიტუციურად (იქ არის საშუალება, რომ არა მარტო პარტიები, არამედ ჩვეულებრივი ორგანიზაციები ცნონ არაკონსტიტუციურად). ჩვენ სასამართლოს მეშვეობით გვაქვს ეს პროცედურა. ადმინისტრაციული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ მიმართვის უფლებაზეც კი რომ ამას დაგიწყებენ, ე.ი. გეუბნებიან, რომ შენ სუვერენიტეტი არ გაგაჩნია, მერე რა, კონსტიტუციაში რა გიწერია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ჩემი ნება და შეხედულება, შენი უმაღლესი დოკუმენტი – კონსტიტუცია – მეორე ხარისხოვანიაო. ასეთი – ზემოდან ყურების დამოკიდებულებაა ყველაზე ცუდი და ამას პირველად არ ავლენენ,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.