ივანე ჩხაიძე: კლინიკა გადატვირთულია, იძულებულები ვიყავით, დამატებითი განყოფილება გამოგვეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, რის გამოც კლინიკებში დამატებითი ადგილების მობილიზება ხდება საჭირო.
“მეორე საფრთხე, რაც პოტენციურად შესაძლებელია, იყოს ადამიანისა და მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, ეს გახლავთ გრიპი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, რომელი ვირუსით იქნება ბავშვი ინფიცირებული. ვინაიდან გრიპის მართვა სრულიად სხვა ტაქტიკას გულისხმობს, გრიპის მართვის სისტემაში ჩვენ გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები. გრიპი მართვის შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ფილტვების ანთებას და ამის გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა საქართველოში. ჩვენ აქცენტი ჯერჯერობით სხვა ტიპის ვირუსებზე გვაქვს ეს არის ე.წ. რესპირაციულ სიციტიური ვირუსი, რომელიც განაპირობებს ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, წვრილი ბრონქების ანთებას.
დღეს კლინიკა არის გადატვირთული, ჩვენ იძულებულები ვიყავით, დამატებითი განყოფილება გამოგვეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ პროგნოზი მომავალ კვირებისთვისაც არასახარბიელო გვაქვს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.