ძაღლის ყეფისგან შეწუხებულმა მამაკაცმა კავკასიური ნაგაზი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
მანგლისში ძაღლის ყეფისგან შეწუხებულმა ვალერი ლომინაშვილმა კავკასიური ნაგაზი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოკლულ ძაღლს 11 ლეკვი ჰყავს. როგორც მამალაძე ჰყვება, შემთხვევა 8 წლის გოგონას თვალწინ მოხდა, რომელიც ადგილზე დასასვენებლად იყო ჩასული.
„სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ“ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდა და ისინი ძაღლის მკვლელი ვალერი ლომინაშვილის სსკ 259-ე მუხლით დასჯას მოითხოვენ. მამალაძის თქმით, საქმეს აწარმოებს გამომძიებელი გიორგი გაბრიჩიძე, რომელსაც არ სურს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღძრას.
„ინფორმაცია მიეწოდა პოლიციას. საქმეს აწარმოებს გამომძიებელი გიორგი გაბრიჩიძე, რომელსაც არ სურს საქმე აღძრას სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. თვითმხილველები ამ ფაქტთან დაკავშირებით შოკირებულები არიან და ობიექტურ გამოძიებას ელოდებიან, რომ დამნაშავე დაისაჯოს. მე დავუკავშირდი გამომძიებელს, მან არ ისურვა გასაუბრება და პასუხის გაცემა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე შეგვაქვს განცხადება, რომ ობიექტურად მოხდეს საქმის გამოძიება. 259-ე მუხლი ჩვენი პასიურობის გამო მკვდარი მუხლია. მუხლი ჩვენს ქვეყანაში წესით ცხოველთა უფლებებს უნდა იცავდეს“, – განაცხადა ვახტანგ მამალაძემ.
მისივე თქმით, ძაღლის ყეფის გამო ცხოველის მოკვლის შემთხვევა პირველი არ იყო. როგორც მამალაძე ამბობს, მსგავსი არადამიანური ქმედება ზესტაფონსა და საგურამოშიც დაფიქსირდა.
„სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ცხოველთა უფლებების ხელყოფის ფაქტების დაფიქსირებისას აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობონ იმისთვის, რომ სსკ-ის 259-ე მუხლის მოქმედება გააქტიურდეს და ცხოველებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც შემცირდეს. სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო დამნაშავის დასჯას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე