ირაკლი ღარიბაშვილი: „დელტა ტექსტილი” წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება

„დელტა ტექსტილი” წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის” სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დელტა ტექსტილის” შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხისა და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და „დელტა ტექსტილის” ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

“დელტა ტექსტილი” არის ძალიან წარმატებული პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი დავიწყეთ 1 წლის წინ და დღეს ხედავთ, რომ სახეზე არის გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება.

ყველაფერი იკერება აქ, ამ ფაბრიკაში. 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ქმნიან ამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ჩვენი საამაყო ჯარისთვის. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უცხოეთში შეკვეთები აღარ გვაქვს.
მოგეხსენებათ, რომ მანამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და, ზოგადად, მოწოდების პრობლემა იყო და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. ამის გარდა, დაახლოებით, 20-30% ის ეკონომიაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითღირებულებაში ვუკერავთ ამ ყველაფერს ჩვენს ჯარს და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ჯუანშერს, „დელტა ტექსტილის” ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც ამ პროექტში ჩართული იყო და ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დელტა ტექსტილი” 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაფუძნდა, რათა თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და ეკიპირება საქართველოში შეიკეროს. თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება.
აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულისა და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები