რა მეთოდებით ებრძვის კრემლი წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ქვეყნებს
რამდენიმე დღის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ბუნდესტაგში დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდში, რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ჰაკერები, გერმანელი დეპუტატების პერსონალური მონაცემების მიღებას შეეცადნენ. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება და გამარჯვებული პარტიის კანდიდატი, კანცლერის პოსტს დაიკავებს.
ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კრემლი კვლავ ცდილობს ამა თუ იმ ევროპის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე ზეგავლენა მოახდინოს ან მისთვის საინტერესო ინფორმაცია მოიპოვოს.
მართალია, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ მსოფლიო პოლიტიკის ასეთ გლობალურ მოთამაშეს როგორც გერმანიაა, მაგრამ წარსულში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოსკოვი ბევრად უფრო მავნებლური და საშიში მეთოდებით ცდილობდა რომელიმე უფრო მცირე ზომის ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის და ქაოსის მოწყობას. და ამას სწორედ წინასაარჩევნოდ აკეთებდა.
გავიხსენოთ, რა მოხდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა მონტენეგროში 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს.
2015 წელს მონტენეგროს ხელისუფლებამ ნატოში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ამ განაცხადზე მოსკოვის რეაქცია მწვავე აღმოჩნდა. ჯერ დაიწყო რუსული „საგანმანათლებლო“ ორგანიზაციების გააქტიურება, შემდეგ კი რუსი ბიზნესმენების ჩართვა საქმეში. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ შემუშავებული გეგმით, სერბმა ნაციონალისტებმა და მონტენეგროს ოპოზიციის ნაწილმა, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის შენობის დაკავება, პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის ლიკვიდაცია და პრორუსული ხელისუფლებას მოყვანა დაგეგმეს. თუმცა, მათი დანაშაულებრივი გეგმა ჩავარდა. 16 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების დღეს, სამართალდამცველებმა უამრავი ადამიანი დააკავეს და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ამხილეს.
პროკურატურამ ამ მასშტაბური დანაშაულის აქტიური შემოქმედებიც დაასახელა-ესენი რუსეთის მოქალაქეები (ГРУ)-დან, ედუარდ შიროკოვი და ვლადიმერ პოპოვი იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსების გადაბირებას აწარმოებდნენ. ასევე, მონტენეგროს სამართალდამცველების განცხადებით, ორმა რუსმა, კონკრეტულად სერბ ალექსანდრ სინჯელიჩს, 200 ათასი დოლარი გადაუხადეს იმისთვის, რომ მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და პრემიერიც მოეკლა. მთავარმა პროკურორმა მილივოე კატნიჩმა საგანგებო ბრიფინგზე, შესაბამისი მტკიცებულებებიც, მათ შორის აუდიოჩანაწერებიც და ამოღებული შეიარაღების მთელი არსენალი წარმოადგინა. დამნაშავეების გეგმით, ქვეყნის მართვას ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია ჩაიგდებდა ხელში და საბოლოოდ აიძულებდა მონტენეგროს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა. როგორც მაშინ გაირკვა, ეს პარტია თავიდან ბოლომდე რუსი ბიზნესმენის ოლეგ დერიპასკას ფულით იყო შექმნილი და მასშტაბური საარჩევნო კამპანიაც რუსეთიდან ფინანსდებოდა. გავრცელებული ცნობებით, ამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან არა უბრალოდ ვინმე პოპოვი და შიროკოვი, არამედ სწორედ დერიპასკა და ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ ბოიარკინი იდგნენ. თუმცა, ოპოზიციის დაფინანსებამ და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა-2017 წელს მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა. 2017 წლის ივნისში, მონტენეგროს სასამართლომ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. რუსეთის “ГРУ”-ს ორი თანამშრომელი კი დაუსწრებლად გაასამართლეს.
და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მავნებლური და დანაშაულებრივი მოქმედებისა, რომელიც კრემლის სავიზიტო ბარათად დიდი ხანია იქცა. არსებობს უამრავი სხვა მაგალითიც, როცა რუსეთი ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს, ცდილობს დაამყაროს მისთვის სასურველი სახელმწიფო წყობა და დღის წესრიგი, ხოლო ნებისმიერი მისი ქმედება ყოველთვის გასულია რაიმე სახის კანონიერების ჩარჩოებიდან.
ლევან რაზმაძე