თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რამე თანმხლები დაავადება აქვთ
“მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რამე თანმხლები დაავადება აქვთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რამე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.
მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკისა და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე, მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რამე თანმხლები დაავადება და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.