ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება
“ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება – ადამიანის სიკვდილობისა და დაავადების მძიმედ განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინების დეფიციტის შექმნის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.
“ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილობისა და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია.
ადამიანები მეტი ნდობით Pfizer-ის მიმართ არიან განწყობილები, ამაში უჩვეულო არაფერია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება. ამის საფრთხე, პრაქტიკულად, არ არის და ახლა მთავარია, არსებული ვაქცინები ავითვისოთ, მეორე დოზები გავიკეთოთ და უფრო ინტენსიური გახდეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ შემოდგომისთვის ახალი შემთხვევების მატებისგან მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული გვყავდეს, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.