ავღანეთში მიმდინარე პროცესებსა და იქ მყოფ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, “კვირა”-ს ქაბულში მყოფი ქართველი, პავლე მაკარიძე ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, იქ მყოფ ქართველებთან მთავრობა კავშირზეა.
“ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის, გვყავს მთავრობა კავშირზე და გვიჭერენ მხარს ყველანაირად.
აქ, ადგილზე სიტუაცია ასეთია: “თალიბანმა” გადაიბარა მშვიდობიანად მმართველობა და არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს ქალაქში, ჩვენი მთავრობა გვეხმარება ძალიან. როგორც კი გზები დაიცლება საცობებისგან, დავიძრებით აეროპორტისკენ, სადაც ჩვენმა მთავრობამ უკვე უზრუნველყო ერთი ბორტი. გადაეცით ყველას, არაფერი სანერვიულო არაა. შეგხვდებით საქართველოში”, – ამბობს პავლე მაკარიძე “კვირა”-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ, აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა. ის ტაჯიკეთში იმყოფება.