სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად. გამოიკვეთა ცალკეულ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებული გარკვეული ჯგუფების გააქტიურება სეპარატისტული და ნაციონალისტური იდეოლოგიის გავრცელებისა და შესაბამისი განწყობების შექმნის მიზნით.
„სამსახურის მიერ ამ მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა პროცესების მონიტორინგი და ოპერატიული ვითარების კონტროლი. გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პოლიტიკური და რელიგიური პირების, ნაციონალისტური და სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში მონაწილე ძალების გამოვლენა. ქვეყნის ინტერესებისთვის არასასურველი პროცესების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები.
მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ საგანგაშო გარემოებაზე, რომ 2024 წელს უცხო ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იქცა. მათი მიზანი უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა იყო“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
სუს-ის უფროსის თქმით, საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების და სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული მუშაობის აღკვეთა/პრევენციის მიზნით ჩვენს მიერ ტარდებოდა ინტენსიური ღონისძიებები.