2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის დაინტერესების სფეროების და მისწრაფებების, მათი საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიმართულებით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
„უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას.
სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის პირობებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე.