ცუცქირიძე – ჰორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვაზე: შეფერხებებმა შეიძლება, გაზარდოს ნავთობისა და გაზის ფასები, განსაკუთრებით – ევროპასა და აზიის ნაწილებში
“გადაკეტავს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეს, მალე გაირკვევა, მას შემდეგ – დაადასტურებს თუ არა უშიშროების საბჭო ირანის პარლამენტის გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ რა ზეგავლენა ექნება ამას გლობალურ ეკონომიკაზე და ჩვენს რეგიონზე თავისთავად. არ დაგვავიწყდეს, რომ წითელ ზღვაში ამერიკული და მისი მოკავშირეების გემების ცეცხლის გახსნით იმუქრებიან ჰუსუტები, რაც გლობალურ სავაჭრო გზებს ისედაც სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
ჰორმუზის სრუტემდე ბაბ ელ-მანდების (Bab el -Mandeb Straight) სრუტე წითელი ზღვის სამხრეთ ბოლოში მდებარე ვიწრო ყელია, რაც გლობალური გადაზიდვების მთავარ შემაფერხებელ წერტილს წარმოადგენს.
ნიშანდობლივია, რომ ჰუსიტების მიერ ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში განხორციელებულმა შეფერხებებმა გამოიწვია გლობალური მიწოდების ჯაჭვის სერიოზული შოკი: ვაჭრობის მიმართულებების შეცვალა გაზარდა მიწოდების დრო და გადაზიდვის მანძილი. ოპერაციული ხარჯები მკვეთრად გაიზარდა – საწვავიდან და დაზღვევიდან ტვირთების გადაზიდვამდე. ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ფასებზე და შეაფერხა წარმოების ოპერაციები, რაც მის ინფლაციურ და რეცესიულ ეფექტზე მიუთითებს. მიმდინარე რისკი კვლავ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვები 2024 წლის მეორე კვარტალში დაბრუნდა მანამდე არსებულ სტატუს კვოს, გაზრდილი არასტაბილურობა და სისუსტე კვლავ შენარჩუნებულია დღემდე.
უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12–15% და კონტეინერმზიდი გემების მოძრაობის 30%-მდე ამ რეგიონზე გადის. გასულ წლებში ჰუსიტების მიერ ბლოკადები ან თავდასხმები აიძულებდა გადაზიდვის კომპანიებს, ემოძრავათ კეთილი იმედის კონცხის (Cape of Good Hope)გარშემო, რაც დამატებით 7–14 დღიან მგზავრობას და 20–30%-ით მეტ საწვავისა და გენების დაზღვევის პრემიების ხარჯებს ზრდის. ეს კი თავის მხრივ იწვევს ტვირთის გადაზიდვის ტარიფების ზრდას, რაც გავლენას ახდენს ყველაფერზე, სამომხმარებლო საქონლიდან დაწყებული სამრეწველო მასალებით დამთავრებული. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Maersk და MSC, ან შეაჩერეს ოპერაციები, ან გადაამისამართეს მარშრუტი, რამაც მსოფლიო მასშტაბით ხარჯების ზრდა გამოიწვია.
ტრანსპორტის ხარჯების ზრდამ გაზარდა ინფლაციური ზეწოლა და ფასებზე გავლენა მოახდინა – JPMorgan-მა შეაფასა, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ ბლოკადას შეიძლება 0.7 პროცენტული პუნქტით გაეზარდა გლობალური ძირითადი საქონლის ინფლაცია 2024 წლის პირველ ნახევარში. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა დაადგინა ინფლაციის უფრო ფართო რისკი 0.23 პროცენტული პუნქტით 2025 წელს, თუ ესკალაცია გაგრძელდა.
უფრო ფართო ეკონომიკური ტალღის ეფექტებიდან, ევროპელმა მწარმოებლებმა (როგორიცაა Tesla, Volvo) შეაჩერეს წარმოება ნაწილების დეფიციტის გამო. რამაც გაამწვავა გლობალური მიწოდების ჯაჭვის სისუსტე, განსაკუთრებით იმ სექტორებისთვის, რომლებიც დროულად მიწოდებაზე არიან დამოკიდებული (ელექტრონიკა, ავტონაწილები).
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება, წითელი ზღვის მარშრუტი კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპაში მიმართული ნავთობ პროდუქტებისთვის. შეფერხებებმა შეიძლება, გაზარდოს ნავთობისა და გაზის ფასები, განსაკუთრებით ევროპასა და აზიის ნაწილებში. ისევე, როგორც სუეცის არხის ბლოკირების დროს (Ever Given, 2021), წითელი ზღვის შეფერხებები იწვევს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ელექტრონიკა, სატრანსპორტო საშუალებები, საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ასევე ნედლეული. ამ შეფერხებებმა შეიძლება გაზარდოს ინფლაციური რისკი და გამოიწვიოს მარაგების დეფიციტი. აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, წითელ ზღვაში კონტეინერების მოძრაობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე სუეცის არხით გამტარუნარიანობა კი განახევრდა: დღეში დაახლოებით 4 მილიონი ტონიდან 2024 წლის დასაწყისში დაახლოებით 1.7 მილიონ ტონამდე.
ინდოეთის სტატისტიკის (indiastat) მონაცემებით, ინდოეთიდან ევროპაში მგზავრობას საშუალოდ 14-20 დღე სჭირდებოდა, ხოლო გადამისამართებამ 4,000-6,000 საზღვაო მილი დაამატა და შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვის ტარიფი გაიზარდა. კერძოდ, აზია – ევროპა კონტეინერების გადაზიდვის ხარჯები 130–173%-ით გაიზარდა, 40 ფუტიანი კონტეინერების ტარიფი დეკემბერში 1,500 დოლარზე იანვრისთვის 5,500 დოლარამდე გაიზარდა გადამისამართებამ ასევე სამჯერ გაზარდა აზია – ხმელთაშუა ზღვის ტარიფები (€5,500–€6,000) ომის რისკის დაზღვევის პრემიები გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 2,700%-ით, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი დაფარვის ხარჯები 2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა თითო მოგზაურობაზე საერთო ჯამში, საწვავისა და დაზღვევის გათვალისწინებით, შეიძლება მიაღწიოს 1.5–2 მილიონ დოლარს თითო გემზე, ტვირთის დაზღვევის ზრდასთან ერთად.
მისი გავლენა ევროპის იმ ქვეყნებზე იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც აზიურ ექსპორტზე არიან დამოკიდებული (გერმანია, იტალია), რაც გამოიწვევს იმპორტის შეფერხებებს და ფასების ზრდას. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გლობალური საზღვაო ძალები (მაგ., აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი) რეგიონში განლაგდნენ გადაზიდვების პატრულირებისა და უსაფრთხოებისთვის, ეს ზრდის თავდაცვის ბიუჯეტებს და ზრდის რეგიონულ დაძაბულობას, რაც კიდევ უფრო დესტაბილიზაციას უქმნის რეგიონალურ ეკონომიკებს.
ასეთ სიტუაციაში ჩვენ გვმართებს მაქსიმალური ძალისხმევა, ხოლო პროცესების შემდგომი ესკალაციისას, არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, ხოლო ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა ქვეყანაში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, ხოლო ის გარემოება, რომ ოპოზიციას ეს საფრთხეები საერთოდ არ აინტერესებს და ერთადერთი, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება-ჩაშლით არიან დაკავებული, პოლიტიკური კლასის სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიტიკულ დეფიციტზე უფრო მიუთითებს”, – წერს ცუცქირიძე.