კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ “დელტა დეველოპმენტ გრუპის” საჩივარზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის” საჩივარი დასაშვებად ცნო. სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა – კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი.
საკითხი შეეხება – სათარჯიმნო სექტორში “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3)(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს.
კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს. 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს.
მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.