საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის 22 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის 22 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა.
კომისია ერთ ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ კანდიდატს დღესვე შეარჩევს და პრეზიდენტს წარუდგენს. გადაწყვეტილება ცნობილი დღის ბოლომდე გახდება, რის შემდეგაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს, კომისიის არჩევანს ან დაეთანხმოს ან არა.
თანხმობის შემთხვევაში,პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. ამის შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
ახალი საარჩევნო კოდექსით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით პარლამენტი ხმათა 2/3-ით ირჩევს.