თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცასა და დამარცხებას უკავშირდება
საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცას და დამარცხებას, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მზაობა რჩება მზაობად, რომ ორივე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თანასწორუფლებიან საწყისებზე მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კონგრესში წარმომადგენლობით პალატაში ჯერჯერობით ეს გავლენები არის საკმაოდ სერიოზული, ამის დასტურად შეიძლება „მეგობარი აქტის“ ფაქტორი მოვიყვანოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტრამპს ჰქონდეს ინფორმაცია პირველწყაროდან, თუ რა მოლოდინები არსებობს საქართველოში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ განხორციელებული შესაბამისი ზომები (პრემიერის ღია წერილი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება) ყველანაირ ბუნდოვანებას აღმოფხვრის, თუ რა განწყობები არსებობს საქართველოში სამომავლო პერსპექტივასთან მიმართებით. ორივე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თანასწორუფლებიან საწყისებზე მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან დაწყება და კონკრეტული გზამკვლევის შემუშავება, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.