საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, ბაზებზე ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება. შედეგად, ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებათ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები