ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით რადიკალების მოთხოვნაზე: როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა, სხვამ ჩამიტაროს ქვეყანაში საერთაშორისო გამოძიება

პროკურატურის ეს შუალედური დასკვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადად თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ დასკვნას, რომელიც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, პროკურატურის ანგარიშმა წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელიც მათ შორის ხმის დუბლირებას ეხებოდა.

„რაც შეეხება არჩევნების თემას, წერტილი ჯერ კიდევ ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნამ დაუსვა ამათ ბინძურ სპეკულაციებს 300 ათას ხმასთან დაკავშირებით, შემდეგ საბოლოო დასკვნამ დაუსვა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, საქმის აღძვრის პირველივე დღიდან პროკურატურაც და მმართველი გუნდიც მოუწოდებდა ყველა იმ პირს, რომელიც არჩევნების თემით სპეკულირებდა, რომ გამოძიებასთან ეთანამშრომლა თუმცა უშედეგოდ. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უპრეცედენტო მასშტაბების სამუშაო გასწია პროკურატურამ.

„ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში კრისტალიზირდებიან და ანახებენ თავის რეალურ სახეს. თუ სად იყვნენ, როგორი უტიფრობით და თავხედური ტყუილით დაიწყეს ყველაფერი და სად არიან დღეს. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ იმთავითვე ვეუბნებოდით მათ, რომ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს ეს უსამშობლოთა გაერთიანება იმიტომ, რომ არაფერი ეროვნული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა, სხვამ ჩამიტაროს ქვეყანაში საერთაშორისო გამოძიება.

რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ჩვენთვის მთავარი ლეგიტიმაცია არის საქართველოს საზოგადოება. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ 26-ში არჩევნებზე და დააფიქსირეს თავისი ხმა და ის მილიონ ასოცი ათასი ადამიანი ვინც ქართულ ოცნებას მიანიჭა მანდატი და ანდო ქვეყანა მას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები