“ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი: კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

“ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არცერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

“ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია”, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები