რეზო კვერენჩხილაძე: არ გამოვრიცხავ, “ოცნებას” ერთი სული აქვს, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილი გაამართლოს და საქართველოში დააბრუნოს

“როდესაც პარლამენტის შენობის წინ ხელებგაშლილი და გაბრწყინებული სააკაშვილის ბანერი დგას და ამაზე “ქართული ოცნება” არ გამოხატავს პროტესტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილი და მისი ბანდაა”, – ამის შესახებ “ბოლშევიკური რეპრესიების” მკვლევარი, რეზო კვერენჩხილაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ “სააკოვი, ბოკერია, თარგამაძე, ბარამიძე, დანაშაულის იდეოლოგები, მათი შემსრულებლები და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავს საქართველო”.

“როდესაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ხელებგაშლილი და გაბრწყინებული სააკაშვილის ბანერი დგას და ამაზე არც “ქართული ოცნება” გამოხატავს პროტესტს და არც მთავრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილი და მისი ბანდაა. არ გამოვრიცხავ, რომ ამათ ერთი სული აქვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილი გაამართლოს და საქართველოში დააბრუნოს. ახლა ერთი წუთით წარმოიდგინოს მსოფლიომ, ფაშისტური გერმანიის დამარცხების მერე ნაცისტების რაიხსტაგთან გაბრწყინებული ჰიტლერის პორტრეტი, რომ გამოეტანათ და კარვები დაეცათ მათი ლიდერის დაბრუნების მოთხოვნით.

პარლამენტთან სააკაშვილის ორი ბანერიდან ერთი ცენტრშია, მეორე მარცხენა მხარეს. “ოცნების” დეპუტატები დილით პარლამენტში შესვლისას სააკაშვილს უყურებენ და საღამოს ტელევიზორშიც სააკაშვილს უსმენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში ნაცჯალათთა მომხრეები სხედან. ამიტომაც გამოუშვეს ციხიდან გიგი უგულავა, გიორგი რურუას პოლიტპატიმარი დაარქვეს, მელიას ცოტნე დადიანი. მალე ბაჩო ახალაიაც იხილავს დღის სინათლეს. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ამბავი ხომ, საერთოდ დავიწყებას მიეცა…”,- ამბობს კვერენჩხილაძე.

კითხვაზე – “რატომ ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობისგან” თავის დაღწევა? მკვლევარი პასუხობს:

“იმიტომ, რომ არ გამართეს ნიურბერგის პროცესი, რომლის მსგავსიც რკინიგზელთა სახლში 66 წლის წინათ მოეწყო. 1937 წლის ჯალათები გაასამართლეს: აქვსენტი რაფავა, ნიკოლოზ რუხაძე, ნიკიტა კრიმიანი, კონსტანტინე სავიცკი, შალვა წერეთელი, ალექსანდრე ხაზანი… ამათ ყველას დახვრეტა მიუსაჯეს, ხოლო ორს –  გიორგი პარამონოვსა და სარდიონ ნადარიას (ბერიას დაცვის წევრი) სიცოცხლე შეუნარჩუნეს, პირველს 25 წელი მიესაჯა, მეორეს – 10 წელი”.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაბიჯებს ეროვნული მთავრობა დგამს.

“ვუყურებ “ქართული ოცნების” უსუსურობას და ვრწმუნდები, რომ ესენი ისევ ხელისუფლებაში აბრუნებენ 1937 წლის უვიცი ჯალათის ნიკიტა კრიმიანის მსგავს ტიპებს, რომლებიც ისევ დაიწყებენ ხალხის წამებას, როგორც კრიმიანმა აწამა ტიციან ტაბიძე. არც ჯალათი ზახარ შასურკინია წარსულში დარჩენილი და სწორედ ამაზე მეტყველებს რუსთაველზე გაშლილი კარვები სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით.

მთელი ცხოვრება კომუნისტების მიერ ჩადენილი სისასტიკეებს ვამხელდი, მაგრამ იმათ კიდევ რაღაც უკეთებიათ ამ ქვეყანაში – 1966 წელს, კომუნისტების ზეობის ჟამს, ზარ-ზეიმით აღინიშნა რუსთაველის 800 წლისთავი, 2016 წელს კი რუსთაველის 850 წლის იუბილე ვინმეს გაახსენდა? ან მიხეილ ჯავახიშვილი ვის მოაგონდა, რომელსაც შარშან 140 წელი შეუსრულდა? პირიქით ესენი ჩვეულებრივად განაგრძობენ ჯავახიშვილების დახვრეტას, ჩვენი ახალგაზრდები პაოლო იაშვილივით თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, გაჭირვებისგან შეწუხებული ხალხი კი ქვეყანას ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ახლა გერმანიაში მოსავლის ასაღებად წასულები წუხან – მოგვატყუეს, 9 ევროს ნაცვლად 3 ევროს გვიხდიან, მონებად გვაქციესო… ეს იყო ქართველი კაცის ოცნება? 13 წელი რომ გელათის რესტავრაციას ვერ მოახერხებ და თავზე ჩამოგენგრევა ან ბაგრატის ტაძარზე ლიფტს შეეგუები, ამას რა სახელი უნდა დავარქვა?

ეროვნულ ნაბიჯებს ეროვნული მთავრობა დგამს. ბოლშევიკებმა რეპრესიების წლებში 161 ნიჭიერი მწერალი და პოეტი დახვრიტეს, ამიტომაც ვერ გადადგა ერმა ეროვნული ნაბიჯები, როცა მცირეს ამოვისუნთქეთ, სააკაშვილი დაგვისვეს, რომელმაც ქუჩებში პირდაპირ სასაკლაო მოაწყო და სისხლი დაღვარა. გაგახსენებთ 2011 წლის 26 მაისს, როცა წყლით სავსე მანქანები მიაყენეს რუსთაველის გამზირზე და სისხლი გადარეცხეს. ქალბატონი ბურჯანაძე იყო იმ მიტინგის მომწყობთა სათავეში და რომ გვეგონა, სააკაშვილს ებრძოდა, ახლა დავრწმუნდით, მისი სკამის გამაგრებაზე მუშაობდა. ან ეს “ოცნებაა” ეროვნული? 2012 წელს კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ის აღარ უთქვამთ, რომ 9 წლის მერე, როცა ბოლო რიცხვი 12 შეტრიალდებოდა და 2021 დადგებოდა, ქვეყნის ვექტორსაც “ნაცებისკენ” შეატრიალებდნენ.

ხმამაღლა ვამბობ: დასვით საბრალდებო სკამზე სააკოვი, ბოკერია, თარგამაძე, ბარამიძე, დანაშაულის იდეოლოგები და მათი შემსრულებლები, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავს საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში რაფავებიც ციხიდან გამოვლენ, რუხაძეებიც, კრიმიანებსაც გაამართლებენ, სავიცკებსაც და ნადარიასაც ყველა ბრალდებას მოუხსნიან, რომელიც აფრენილ ბუზს იარაღით აგდება”, – აცხადებს კვერენჩხილაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები