რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო-საჯარისო არმიის 58-ე ქვედანაყოფები გადაისროლა.
როგორც რუსულ “კომერსანტს” სამხრეთის სამხედრო ოლქში განუცხადეს, არმიის გადასროლა “ოპუკ”-ის პოლიგონზე სწავლების მიზნით მოხდა.
მანევრების დროს დაისვა ამოცანა, შემოწმებულიყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსების “ფაგოტ”-სა და “ქრიზანტემების” ოპერატორების პრაქტიკული უნარჩვევები – კერძოდ, ტაქტიკური ჯგუფების ფორმირებისას გამოიყენებოდა არატრადიციული მიდგომები.
აღინიშნება, რომ წვრთნები სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის, ალექსანდრე დვორნიკოვის მეთაურობით ჩატარდა.
რუსეთის 58-ე არმიის 5 ბატალიონი 2008 წლის 3 აგვისტოს როკის გვირაბის მახლობლად დაბანაკდა, 8 აგვისტოს არმიამ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქართული სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ძირითადად, ქალაქ ცხინვალში.
მაშინდელი 58-ე არმიის მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა.