კობა კობალაძე ჩოხატაურში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერიას, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ლებანიძესა და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა, – ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს გააცნო მიმდინარე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ასევე, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის ის სახელმწიფო პროექტები, რომლებშიც ვეტერანებს შეუძლიათ ჩართვა.

კობა კობალაძემ ვეტერანებს მოუწოდა, ჩაერთონ მომზადება- გადამზადების პროექტებში სახელობო და პროფესიული მიმართულებით. შეხვედრაზე ვეტერანებმა სამსახურის ხელმძღვანელობას სთხოვეს არსებული მცირე ბიზნესის განსავითარებლად დაფინასების მოპოვებაში დახმარება, დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებასა და მათთან კომუნიკაციაში ხელშეწყობა. საუბარი, ასევე, შეეხო საჭიროებებს, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აქვთ. ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში, მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებასა და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები