აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება, თრომბის გამოვლენილი შემთხვევების გამო, დროებით შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინის 6,8 მილიონი დოზის გამოყენების შემდეგ, თრომბის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. ადმინისტრაციის ცნობით, ერთი პაციენტი გარდაიცვალა თრომბით, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექვსივე შემთხვევა დაფიქსირდა 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებში, სიმპტომები ვაქცინაციიდან ექვსიდან 13 დღის შემდეგ გამოჩნდა. საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის რეკომენდაციის შემდეგ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება ყველა შტატში შეჩერდა.
Johnson & Johnson აშშ-ის ჯანდაცვის კომპანიაა, მაგრამ ვაქცინა ბელგიაში შეიქმნა და ასევე ცნობილია, როგორც Janssen. მისი შენახვა შესაძლებელია მაცივრის ნორმალურ ტემპერატურაზე, რაც ამარტივებს უფრო ცხელ კლიმატურ პირობებში ან უფრო შორეულ ადგილებში მის გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ წინასწარ შეუკვეთა აღნიშნული ვაქცინის მილიონობით დოზა, იგი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დამტკიცებული.
აშშ-ში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა 27 თებერვალს დაამტკიცეს. ევროკავშირის ქვეყნებში კი ამ ვაქცინის მიწოდება ერთი დღის წინ დაიწყო და ჯერ პაციენტებში არ გამოუყენებიათ. როგორც კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ განაცხადა, ევროპაში ვაქცინის მიწოდებას აჩერებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში თრომბის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება მაინც შეჩერდა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, სიტუაციას აკვირდებიან და აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებელი უწყებების ანგარიშებს ელოდებიან.