სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში დაიბადა. ხელოვნება და ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა. თავიდან თექისგან ამზადებდა ყვავილებს, შემდეგ ისე გაიტაცა ხელოვნურმა ყვავილებმა, სხვა მასალებიც გამოიყენა.
ამჟამად თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სოფელ ბოდბეში. დიასახლისმა, ორი შვილის დედამ ყვავილების ნაირფერი სამყარო შექმნა. ყვავილებთან ერთად დეკორატიული სოკოების და ნივთების დამზადებასაც აპირებს. – თეონა ოთიაშვილის პერსონა.
– მყავს მშობლები. მათი წყალობით უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა.
ბავშვობიდანვე მიყვარდა ხელოვნება, კარგად ვხატავდი. მახსოვს, ჩემს თოჯინებს ჩემი შეკერილი ნაირ-ნაირი კაბები ეცვათ. სკოლაში მიყვარდა ისტორია, გეოგრაფია და ხატვა. თუმცა ხატვა და ხელსაქმე ბავშვობიდანვე შემიყვარდა.
– ხელოვნური ყვავილები…
– თავიდან თექის ყვავილებით დავიწყე, შემდეგ დავიწყე ამ ყვავილების გაკეთება. ჯერ ჩემთვის გავაკეთე და ყველას იმდენად მოეწონა, რომ ვიფიქრე, გამეკეთებინა და გამეყიდა.
– თქვენ რომელი ყვავილი გიყვართ?
– ყველა ყვავილი მიყვარს. ვგიჟდები ყვავილებზე, მაგრამ გამოვარჩევ ვარდს და იას, ასევე წითელ ვარდებს…
– როგორ ამზადებთ ამ ყვავილებს?
– დიდი სიყვარულით… როდესაც ჩემს ნამუშევარს დავაბოლოებ და დავინახავ, რომ ლამაზი გამოვიდა, გული სიხარულით მევსება. ვიყენებ მასალებს: სილიკონის თოფს, სილიკონს, და სპეციალურ ქაღალდებს…
– აკეთებთ საახალწლო მოსართავებს, სათამაშოებს, ნაძვის ხეებს, თოვლის პაპებს, ფიფქებს…
– ყოველ წელს ვაკეთებ საახალწლო მოსართავებს და მეგობრების საშუალებით ვყიდი. ჩემი ნამუშევრები ყველას ძალიან მოსწონს.
ჩემს ოჯახის წევრებსაც ძალიან მოსწონთ და ამას ყოველთვის აღიარებენ. ვცდილობ, პატარა დეტალებში მოვიხმარო ჩემი გოგონა და თან ვაყურებინებ. როდესაც ვმუშაობ, მინდა რომ მანაც ისწავლოს.
მუშაობის დროს პატარ-პატარა მოულოდნელობებიც შემხვედრია. ერთს გავიხსენებ – საახალწლო დეკორატიულ ლამპიონს ვაკეთებდი მუყაოსგან და ბრჭყვიალა ქაღალდებისგან. როდესაც მოვრჩი, შიგ პატარა სანთელი ავანთე… შემდეგ მინდოდა ვიდეოს გადაღება. ტელეფონში ვუყურებდი, ბოლი რომ აუშვა და ვერ მივხვდი, კვამლი საიდან ჩანდა. ცეცხლი გვიან შევამჩნიე. მთლად დაწვას გადავრჩი. ოჯახის წევრებმა კარგად იცინეს, ქაღალდში ჭიაკოკონა რომ დაანთე, რა გეგონაო?
– გაზაფხულთან ერთად რა სიახლეს შეიტან თქვენს ხელნაკეთებში?
– გაზაფხული დაკავშირებულია ყვავილებთან, ამიტომ ვაპირებ, ხელთნაკეთებში მრავალფეროვნების შეტანას. ვაპირებ ქოთნების გაკეთებას ცემენტისგან და ნატეხი მეტლახებისგან, ასევე დეკორატიული სოკოების და ისეთ დეკორატიული ნივთების დამზადებას, რომლებიც გაალამაზებს ჩვენს ეზოებს და ეზოს ყვავილებს.
– ჰობი…
– მუსიკა, ქსოვა, ტორტების ცხობა და იმ ხელთნაკეთი ნივთების დამზადება, რის გაკეთებასაც შევძლებ.
თამარ შაიშმელაშვილი