ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის შეჩერება ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო
“ვაქცინაციის შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციაზე მეტად ეფექტური საშუალება არ არსებობს.
„გუშინდელი შემთხვევა, გამიგებთ, რომ ძალიან მძიმე დაღია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს, ზოგადად, მედიცინაში არის, განსაკუთრებით კი კოვიდთან ბრძოლის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ემოციურად ძალიან მძიმეა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ცივი გონებით აწონით, იმ სარგებელთან, იმუნიზაციასთან, რომელმაც უნდა დაასრულოს კოვიდთან ბრძოლის პროცესი, ჯერჯერობით, სხვა არაფერი არ გახლავთ და ვერც იქნება, თუ საზოგადოებაში პოპულაციური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდა, რასაც მხოლოდ მასობრივი იმუნიზაცია ქმნის. დღეს კოვიდთან ბრძოლის დასრულება ვიდრე 60-70-პროცენტიანი ფენა არ ჩამოყალიბდება, ვერ იქნება. გუშინ ძალიან რთული იყო საბჭოზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება, შეჩერებულიყო თუ გაგრძელებულიყო იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო. ხშირად ეს არის ჩვენი, სამედიცინო მუშაკების ხვედრი, შენ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით ოჯახისთვის, ასევე იმ მხარისთვის, სადაც გოგონა მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის. უნდა გაგრძელდეს და თქვენ უნდა გთხოვოთ, რომ ამ კამპანიაში კიდევ მეტად, ფართოდ ჩაერთოთ. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მეტად დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.