შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი

“შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატებზე უარი გახარიას პარტიამ თავადვე თქვა და ამდენი ხნის განმავლობაში ისინი „შატალოზე“ იმყოფებოდნენ.

„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს უმრავლესობით. ასე, რომ აქ პრობლემა არ იქნებოდა და არც იქნება არასდროს. თუ კი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი, მათ შორის გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით  ნიკა მელიასაც  მოვუხსენით იმუნიტეტი. ასე, რომ დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება მანდატებს, მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი ამ მხრივ მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ღალატობენ თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი დაკარგავენ მანდატებს. მესამე, რაც შეეხება მის დამალვას საგამოძიებო კომისიისგან და ასე მოულოდნელ გასვლას ქვეყნიდან რასაც ვხედავთ ჩვენ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს, როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხვედრებზე და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი. ეს ხომ აბსურდია. მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც უნდოდათ, რომ დაეხატათ მამაცი, გამბედავი ადამიანისა, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა. როგორც 2021 წელს შეეშინდა და გაიპარა „ქართული ოცნებიდან“, როგორც ჩანს ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაში ის იმყოფებოდა, ვნახეთ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო, არ ვიცი რა პრობლემა იყო, რომ მისულიყო და მიეცა შესაბამისი განმარტებები. რახან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები