ნინო ბურჯანაძე: შეშლია ბატონ ბორელს – ძალიან მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე

“შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის ტექსტში რაღაც უზუსტობაა. ეს არჩევნები სამართლიანად არცერთ ორგანიზაციას, მათ შორის, არც ეუთო-ს არ უღიარებია”, – ასე გამოეხმაურა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის თქმით, მასზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, თუმცა ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საინტერესოა, ჟოზეფ ბორელის ქვეყანაში ვინმეს მაჟორიტარი კანდიდატისთვის „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ჩაედო, მაშინ თუ ილაპარაკებდა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე.

„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავი, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არცერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები