არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ

“ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

თალაკვაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტის წევრები გახდნენ.
მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს რიგგარეშე სხდომაზე დღეს უყარეს კენჭი.

„კოლეგებო, წევრებს, რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, შეუძლიათ, გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებსა და საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები