ანრი ოხანაშვილი: ჩვენი გუნდი, დემოკრატიული განვითარების ფარგლებში, გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახორციელებთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კომიტეტის წევრებს მიესალმა და საპარლამენტო გუნდს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე კომიტეტის წევრებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსურს, მოგილოცოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და ნაყოფიერი საკანონმდებლო პროცესი მოგველის წინ. კომიტეტი იქნება აქტიური მონაწილე მნიშვნელოვანი ინიციატივების და ჩვენი გუნდი, დემოკრატიული განვითარების ფარგლებში, გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებს დავით მათიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის კვოტით კი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურა დასახელდა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციისთვის განკუთვნილ მოადგილის კვოტაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები საპარლამენტო ცხოვრებას შემოუერთდებიან და მათთვის განკუთვნილ საპარლამენტო თანამდებობებს დაიკავებენ.

სხდომის დასასრულ, კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დებულების პროექტი დაამტკიცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები