„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან თავიანთი დაგეგმილია, ან ვიღაც გამწარებულმა ადამიანმა ჩაიდინა“ – ძმებ შუკაკიძეების ადვოკატები ნიკა მელიას შტაბის დაწვაზე

ნოდარ და ლევან შუკაკიძეებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბის გადაწვასთან, რაშიც ისინი ნიკა მელიამ დაადანაშაულა, – ამის შესახებ ნიკა მელიას მიერ შტაბის დაწვის ორგანიზებაში დადანაშაულებული ძმები შუკაკიძეების ადვოკატები ია გაბედავა, ლიკა ბითაძე და თათია მანიჟაშვილი აცხადებენ.

როგორც ადვოკატებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მელიას ბრალდება აბსურდულია.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ. ეს არის ნიკა მელიას ცრუ, სიტყვიერი ბრალდება. მოგეხსენებათ ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებები. ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნიათ ამ ყველაფრის დასადასტურებლად“- განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ადვოკატ ია გაბედავას განცხადებით, ნოდარ შუკაკიძე არც კახა კალაძეს იცნობს და არც ლევან კობიაშვილს.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაწვეს მელიას ოფისი. როგორც ბატონმა მელიამ აღნიშნა, იქ კამერები არ იყო. თუმცაღა, მელიას ყველა ოფისში არის კამერები. ამ ერთადერთ ოფისში კი არ აღმოჩნდა.
მელიას ციტირებას მოვახდენ. მან გუშინ დაადანაშაულა ბატონი კახი კალაძე, ბატონი ლევან კობიაშვილი და ძმები შუკაკიძეები. მათ თქვა, უწესო ადამიანები არიანო, ნოდარ შუკაკიძე, ე.წ კანონიერი ქურდი ორგანიზებას უწევს და მითითებას აძლევს ბატონ კალაძეს, კობიაშვილსო. მელიამ ხალხს მიმართა, აი, როგორი უწესო დეპუტატობის კანდიდატი გყავთო. ამომრჩევლებს უთხრა, თქვენზე იძალადეს ამ ადამიანებმა და არა მარტო მე, თქვენც დაგიწვეს ოფისიო. ეს განაცხადა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

ამას წინ სდევდა ასეთი ფაქტი: მელიამ არჩევნებამდე გააჟღერა, კანონიერი ქურდები ჩამოდიან საქართველოში, ბატონი შუკაკიძე ჩამოვიდა საბერძნეთიდან დაკრძალვაზეო. შუკაკიძე სასჯელს იხდის საბერძნეთის ციხეში. ელჩებს მიმართა ნიკა მელიამ. ანუ რა გამოდის, საბერძნეთის ელჩს უნდა უთხრას, რომ არ აქვს წესიერი სახელმწიფო, რომ ციხიდან ადამიანს უშვებენ, ის ჩამოდის საქართველოში და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 9-წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანია მათზე განაწყენებული. გამორიცხული არ არის, გვრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ან თავიანთი დაგეგმილია, ან ვიღაცა გამწარებულმა ადამიანმა ჩაიდინა აღნიშნული. არაფერ შუაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მას არავისთვის დავალება არ მიუცია. არავისთან კონტაქტი არ აქვს. კალაძეს და კობიაშვილს ტელევიზორით ვიცნობო. ნოდარ შუკაკიძე არ იცნობს არც კალაძეს, არც კობიაშვილს. ლევან შუკაკიძე შეიძლება, იცნობდეს კობიაშვილს. ზუსტად არ ვიცი.

ნოდარ შუკაკიძეს კორონავირუსი აქვს. ის სამჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის საბუთები არსებობს, რასაც საელჩოებს მივაწვდით. ნიკა მელიამ განაცხადა საელჩოებს მოვუწოდებ ამ საქმეში ჩაერთონო. ჩვენც გადავცემთ საელჩოებს ამ დოკუმენტებს. ციხიდან დამატებით გაკეთდება ამონაწერი, თუ რაიმე სატელეფონო კავშირი ჰქონდა, ვისთან და რა ნომერზე იყო ეს კავშირი, იყო, თუ არა კალაძესთან, კობიაშვილთან სატელეფონო კავშირი. ეს ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი.
ლევან და ნოდარ შუკაკიძეები გამიჯნულები არიან პოლიტიკური საქმიანობისგან და პროცესებში არ იღებენ მონაწილეობას “- განაცხადა ია გაბედავამ.

ცნობისთვის, გლდანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გუშინ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შტაბი ე.წ. “კანონიერი ქურდის”, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
„დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი “კანონიერი ქურდი” ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს, ასევე, მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები