ლევან ბოძაშვილი: კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას
„კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, პარლამენტში ადგილს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი დაიკავებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა იქნება.
„კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას თემატურად, დადგებოდა ერთმანეთის გვერდზე ყველა საკითხზე, რომელიც, მიუხედავად ხედვის სხვაობებისა, აუცილებლობაა სახელმწიფოს კრიზისიდან გამოსაყვანად, მოახდენდა „ქართული ოცნების” ინსტიტუციურ ბალანსს და იმუშავებდა ისეთ საკთხების მოგვარებაზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკაზე, სასამართლოზე, არჩევნებზე და უამრავ საკითხზე, რომელსაც „ოცნება” 8 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არ წყვეტდა ან წყვეტდა არასათანადოდ.
პარლამენტში ადგილს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი დაიკავებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა იქნება თუ სწორედ ასე თემატური კოალიციის სახით მოხდება თანამშრომლობა და უმრავლესობაზე ზეწოლა. თუ ოპოზიციას სურს, პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს და მომავალშიც „ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ჩრდილში არ დარჩეს, ასე უნდა მოიქცეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ, ჯერ ერთი, ინდივიდურად ვერაფერს მიაღწევენ და მეორეც, სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება მათ სწორედ რომ მეტ წონას შესძენს. ამიტომ, სასამართლოზე, ანაკლიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სწორედ პარლამენტშია საბრძოლი და არა – ქუჩაში, რომელიც მაინც არაფრის მომტანია საბოლოოდ და ამ ქვეყანას კიდევ აღარ სჭირდება ქუჩის პოლიტიკა”, – განაცხადა ბოძაშვილმა.