კობა ოთანაძე: წიხლებით შეგვდგნენ, უკვე გარდაცვლილ კრიალაშვილსაც ურტყამდნენ

   მუხროვანის სპეცოპერაცის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კობა ოთანაძე გაზეთ “კვირს პალიტრასთან“ სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს. როგორც ოთანაძე ინტერვიუში აცხადებს, 5 მაისს, როდესაც იმჟამინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადა, რომ გვამები სჭირდებოდა, ამის შემდეგ მას და ე.წ. ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებს 15 დღე ეძებდნენ. “5 მაისს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვანებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი (კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე) ძებნა გამოცხადდა. მუხროვანის მთელი ტერიტორია ოპერატიულად ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ, მივხვდით, გადარჩენის ერთადერთი გზა მიმალვა იყო. ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდით, ამიტომაც მოვახერხეთ და მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით, იქ ვიმალებოდით. პერიოდულად მაღაზიაში გამოვდიოდით და საჭმელს ვყიდულობდით. იარაღი არ გვქონდა. მესიჯებს ვწერდით ჩვენს ერთ ახლობელს, ვთხოვდით, მანქანა მოსულიყო და გავეყვანეთ – ქალაქის დატოვება გვინდოდა. სწორედ ამ მესიჯით გაგვშიფრეს. არ ვიცოდით, ამ დონეზე თუ იყო კონტროლი. ორი კვირა ტყეში ნამყოფებს ტვინი გადაღლილი გვქონდა. მიკროავტობუსი მოვიდა. სამივე ავედით. მანქანა შუაში გადატიხრული იყო. მიზეზი, რომ ვიკითხეთ, მძღოლმა გვითხრა ,- ხახვი და პროდუქტი დამაქვს სავაჭროდ და უკან ტომრები ყრიაო. დავუჯერეთ. რეალურად კი ის ძალოვანების შემოგზავნილი აღმოჩნდა. გადატიხრულში თურმე სამი სპეცრაზმელი იჯდა“,-აცხადებს ოთანაძე გამოცემასთან საუბრისას. კობა ოთანაძე იხსენებს, რომ 5 -წუთიანი მგზავრობის შემდეგ გზა პატრულმა გადაკეტა, მანქანაში მყოფმა სპეცრაზმელებმა კი ტყვიები დაუშინეს. ოთანაძე ვარაუდობს, რომ გია კრიალაშვილი პირველივე ტყვიით დაიღუპა. “5 წუთი ვიარეთ, მერე პატრულმა გადაგვიკეტა გზა. ამ დროს მანქანაში მყოფმა სპეცრაზმელებმა ტყვიები დაგვიშინეს. არ მახსოვს, რამდენი გასროლა იყო. თუმცა, ვფიქრობ, გია პირველივე ტყვიით დაიღუპა. მე და ლევანი მძიმედ დავიჭერით. მერე მიკროავტობუსიდან გამოგვიყვანეს. წიხლებით შეგვდგნენ. უკვე გარდაცვლილ გიასაც ურტყამდნენ. ერთი-ორჯერ სულელურად ვცადე წამოდგომა. აფხაზეთის, ავღანეთისა და ერაყის ომები გამომივლია და ვერაფრით დავიჯერე, თუ ასე არაფრისთვის ქართველები გამიმეტებდნენ. წამოვიწიე და ამით გამწარებულებმა ხელ-ფეხი დამიცხრილეს. ამ დროს გონება ჯერ კიდევ არ მქონდა დაკარგული, ბუნდოვნად მახსოვს, რომ სამასამდე კაცი იყო, სპეცრაზმელები და მთელი ნაცელიტა, მათ შორის ბოკერია, უგულავა, თარგამაძე. ლაპარაკი, ყვირილი, ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და სიტყვებს ვერ ვარჩევდ. ამ ყველაფერს ვიდეოკამერებით იღებდნენ“,-აცხადებს კობალაძე. მისვე თქმით, პირადად მასაც დაუმიზნეს გულში, თუმცა ნასროლი ტყვია მიზანს ორი სანტიმეტრით ასცდა და გადარჩა. “შემდეგ საკონტროლო გასროლად გააკეთეს. მე დამიმიზნეს გულში. მაგრამ ნასროლი ტყვია მიზანს ორი სანტიმეტრით ასცდა. ამასაც ნატყვიარი ადასტურებსა. ასე, რომ “ნაციონალებმა“ სასიკვდილოდ გამიმეტეს, მაგრამ ექიმებმა გადამარჩინეს. ეს, მართლაც, სასწაული იყო“, – აცხადებს ოთანაძე ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები