რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა.
მათივე ცნობით, ახალი გვირაბები სოფელ უბისასა და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.
“პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ13 კმ-იანიგზა 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. ჯამურად , რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბსა და 39 ხიდზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გასულ თვეს ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფ.ხევთან პირველი 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.
რიკოთის უღელტეხილზე, ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.
საბოლოოდ, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.