სალომე ზურაბიშვილი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.
“ალბანეთმა, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
მხარეებმა საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის პრეზიდენტს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო აქტიური თანამშრომლობისა და დაახლოებისათვის უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორში.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პერიოდში, როცა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, არ შეწყვეტილა და გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი.
საუბარი შეეხო, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის საკითხს. იმის გამო, რომ საქართველოდან ალბანეთში პირდაპირი ფრენები არ არსებობს, საქართველოსა და ალბანეთის პრეზიდენტმა პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე სურვილი და მზაობა გამოთქვეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.