არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ დღეს ინფექცია და პანდემია საქართველოში სრულად კონტროლდება

“ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ დღეს ინფექცია და პანდემია საქართველოში არის სრული კონტროლის ქვეშ, ეს უდავოდ არის საზოგადოების, ხელისუფლებისა და ყველა ჩვენგანის დამსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მან პრემიერმინისტრის პარლამენტში სტუმრობაზეც ისაუბრა.
„მესმის, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები შესაძლოა, უკმაყოფილი არიან იმით, რომ მმართველი გუნდის მხრიდან იყო ამომწურავი, ძლიერი პასუხები. შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდნენ უფრო კრიტიკულ კითხვებს. ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ დაისვა ყველა კითხვა, რომელიც ჩვენი საზოგადოების რომელიმე ჯგუფს შესაძლოა, ჰქონოდა და, რაც მთავარია, ამ კითხვებზე გაეცა პასუხები. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე პოლიტიკური კომენტარი. ამასაც, ალბათ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ოპოზიციის როლი და ფუნქციაც ეს არის. შეიძლება, უფრო კონსტრუქციულიც იყოს, შეიძლება უფრო დესტრუქციულიც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და ის, რომ გამოწვევების წინაშე დააყენოს ხელისუფლება. ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმით და არგუმენტებით. კარგია, როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში, თუმცა უკეთესია, როცა იმ გადაწყვეტილებებს, რომელშიც ჩვენ ვართ დარწმუნებული, სხვებიც არიან დარწმუნებული. ზუსტად ამას ემსახურება საპარლამენტო პროცესი, ეს არის სივრცე, სადაც მთავრობას, მთავრობის წევრებს, ნებისმიერ ჩვენგან ეძლევა ასპარეზი და საშუალება, დაარწმუნოს მოქალაქე, რომ მისი გადაწყვეტილებები არის სწორი, მოისმინოს განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული აზრი, სწორედ ეს არის დემოკრატია და ასე გვესმის ჩვენ დემოკრატია.
დღეს პრემიერმინისტრი მოდის ინტერპელაციის მეთოდით. ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ არის ორი შეკითხვა დასმული ოპოზიციის მხრიდან. მკაფიოდ არის რეგლამენტის წესები განსაზღვრული, როგორ ხდება ინტერპელაციის პროცედურა. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არანაირ იმპროვიზაციებს არ დავუშვებ და ასევე ძალიან სამართლიანად ყველას მიეცემა საშუალება, რომ პროცედურით ისარგებლოს. პროცედურა ასეთია, შეკითხვის ავტორი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ხუთი წუთის განმავლობაში სვამს კითხვას, შემდგომში პრემიერი პასუხობს ამ შეკითხვას 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ არის დაზუსტება, პასუხი დაზუსტებაზე, შედეგ იწყება პოლიტიკური დებატები, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია, დაახლოებით, 20-წუთიანი პერიოდით ოპონირებენ ამ კითხვის და ამ პასუხის გარშემო. საბოლოოდ, პრემიერი წარმოთქვამს შემაჯამებელ, დასკვნით სიტყვას. ეს პროცედურა დღეს ვინაიდან ორი კითხვაა დასმული, გამეორდება ორჯერ, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ამ თანმიმდევრობით ორივე შეკითხვის გარშემო ჩვენ წარვმართავთ პროცესს, ეს დროები იქნება ზედმიწევნით დაცული. პროცედურის ფარგლებში განვიხილავთ მხოლოდ დასმულ შეკითხვებს, შესაბამისად, სხვა თემების განხილვა არ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები